პრემიერა - „აქ სადღაც...“

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა ერთმოქმედებიანი დრამა - „აქ სადღაც...“ წარმოუდგინა მაყურებელს. პრემიერა არტთერაპიას ემსახურებოდა, იგი რეალური პრობლემური გარემოდან პუბლიკის მოწყვეტას და ხელოვნების სამყაროში მათ გადასახლებას ისახავდა მიზნად. სპექტაკლის რეჟისურა ლალი კუბლაშვილს ეკუთვნის, სცენარიც მის მიერ დადგმული პიესებიდან ამოკრებილი სცენებისა და ნაწყვეტების ახლებურ გადაწყვეტას წარმოადგენდა. სიუჟეტი სულიერად აშლილი ადამიანების ემოციებსა და განცდებზე იყო აგებული.

  აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა წარმოდგენა ერთ კვირაში დადგა და მიუხედავად ამ მცირე დროისა მასში გამოცდილ დასის მსახობებთან, მარინა ბრეგაძესთან, ნათია ხაბურზანიასა და თორნიკე გოტიაშვილთან, ერთად სკოლის რამდენიმე მოსწავლეც დააკავა (ანა გურგენიძე, ქეთევან გეგეშიძე და გურანდა ბარბაქაძე). ისინი მომავალში პროფესიულ განვითარებას ამ სფეროში  აპირებენ.

  სცენის მთელი დეკორაცია საგიჟეში გამომწყვდეული ადამიანების ერთფეროვან, გაცრეცილ ყოველდღიურობას ეხამებოდა, ჩამქრალი მზერისა და უფერული სახეების მსგავსად. მაყურებელმა სანახაობრივი და ტექსტურად საკმაოდ დატვირთული წარმოდგენა ძალიან კარგად მიიღო.

  პრემიერის შემდეგ თეატრის ადმინისტრაცია სპექტაკლის განმეორებით ჩვენებას დაინტერსებული მაყურებლისათვის ოთხშაბათს, 7 ნოემბერს, გეგმავს.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “პრემიერა - „აქ სადღაც...“

  1. Уведомление: 1discrete

კომენტარები გამორთულია