საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე, სანდრო ბუცხრიკიძე, ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. იგი დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა მას და სახელმწიფო ჯილდო სანდროს მშობლებს პირადად გადასცა.
,,მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა, გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ, ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ჯილდო. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალა გამოყენებულია საქართველოს პრეზიდენტის,
გიორგი მარგველაშვილის, ოფიციალური facebook გვერდიდან
კომენტარები გამორთულია