04

პედაგოგთა პროფკავშირების ტყიბულის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

   N6 საჯარო სკოლის დარბაზში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ტყიბულის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დელეგატებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორს იყვნენ სპმთპ-ს პრეზიდენტი, მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი, ნათია კორძაია, გაერთიანების სხვა წევრები. ასევე, ჩვენი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, პედაგოგიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის მუშაკები.

  შეხვედრაზე დღის წესრიგის შესაბამისად მოსმენილ იქნა ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის, ეკატერინე ჭელიძის, მიერ წარმოდგენილი ანგარიში, გაწეული საქმიანობის შესახებ. აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქალაქში რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს და ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 200-მდე პედაგოგს აერთიანებს.

  რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტატისტიკას, 2013 წლიდან დღემდე ამ ორგანიზაციამ 41 ათასამდე მასწავლებელი გააერთიანა და მათი უფლებების დასაცავად და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად აქტიურად თანამშრომლობს, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ისე სხვა უწყებებთან. სწორედ მათ სახელს უკავშირდება 24-დან  40 დღემდე ანაზღაურებადი შვებულების ვადის გაზრდა. ასევე, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად სკოლაში სერთიფიცირებული პედაგოგებისათვის დანამატის გაცემის საკითხი. გარდა ამისა, ბაღის მასწავლებელთათვის საპენსიო ასაკში პარალელურად ხელფასის აღების უფლების დამტკიცება და მრავალი სხვა. ამ საკითხებზე ვრცლად და დეტალურად   ისაუბრა სპმთპ-ს თავმჯდომარემ, მაია კობახიძემ, საკუთარ გამოსვლაში.

  დარბაზში მსხდომებს სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა.

  კონფერენციაზე ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა  ეკატერინე ჭელიძე, ასევე, - საბჭოს შემადგენლობა.

  შეხვედრის ბოლოს, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის რაიონული ორგანიზაციის წევრები დააჯილდოვეს.

ნათია მურუსიძე

01 02 03 05 06