საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეხვედრები მხიარული სტარტებით დასრულდა, რომელსაც სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ტყიბულის N1, N4, N6, N7 და სოფლების: საწირის, ორპირის, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლების 2006-07-08-09 და 2010-11 წ.წ დაბადებული მოსწავლე ვაჟებისა და გოგონებისაგან შემდგარი 8 გუნდი.
შეჯიბრი გაიმართა სამ სახეობაში სლალომში, ბაგირის გადაზიდვასა და ესტაფეტაში. მონაწილეებს ჟიური შესაბამისი ქულებით აფასებდა, რომელთა ჯამური მაჩვენებლით მხიარული სტარტების გამარჯვებული ორპირის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი - ტყიბულის N7-მ, ხოლო მესამე - გელათის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე გამოვლენილები ფინალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების, ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფდნენ.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “ორპირის სკოლის გუნდი მხიარული სტარტების გამარჯვებულია”
კომენტარები გამორთულია