215_8046_01.MP4.Still001

ნოდარ ვახტანგაძეს იუბილე მიულოცეს

  რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგს, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენელს, ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს, დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდა.

  მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, ალეკო ბიბილაშვილი,  ქალაქის კოლორიტს ოჯახში ესტუმრნენ და იუბილე ტკბილეულით მიულოცეს. ასევე მას ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი საჩუქარი გადასცეს.

  თვითნასწავლი კომპოზიტორი, ნოდარ ვახტანგაძე, მრავალი სიმღერის ავტორია. აღსანიშნავია, რომ მათგან რამდენიმე ჩვენს ქალაქსა და მეშახტეებს ეძღვნება. ის 50 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და იმავდროულად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მის სახელს უკავშირდება სასახლის თოჯინების თეატრის დაარსებაც. ბატონი ნოდარი მუდამ აქტიურად იყო ჩართული კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში. იგი არის ღირსების ორდენოსანი, რესპუბლიკური ოლიმპიადებისა და ფესტივალების ლაურეატი, სახალხო განათლების წარჩინებული. მან მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდა საკუთარ კუთხესა და ქვეყანას. სწორედ, უდიდესი ღვაწლისა და ამაგისათვის, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს, ნოდარ ვახტანგაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

მარი ბაბუხადია