001

„ნაცარქექია“ - ფერადი ჩრდილების ანიმაციური სპექტაკლი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს უმასპინძლა, რომელმაც ჩვენი ნორჩი მაყურებლისათვის ქართული ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია“ წარმოადგინა. ერთმოქმედებიანი ფერადი ჩრდილების სპექტაკლი ანიმაციურ ჟანრში იყო გადაწყვეტილი. რეჟისორ ლევან გაბრიჭიძის ინოვაციას, როგორც ამ თეატრის დირექტორი, თეიმურაზ ბაღდავაძე, აღნიშნავს ანალოგი არა აქვს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ჩრდილების თეატრის გამოცდილება იაპონურ, ჩინურ თუ ირანულ კულტურებში არსებობს. თუმცა, ქართული გადაწყვეტა სრულიად განსხვავებულია. თოჯინების დამზადება, შესრულების ხერხი, მათი მართვა და განათების ფორმა დასის მუშაობის პროცესში დაიხვეწა და უნიკალური სახე მიიღო. 5 მსახიობის მიერ ხდება მულტფილმის ცოცხალი სახით ჩვენება. თეიმურაზ ბაღდავაძის, თქმით, იგეგმება ამ წარმოდგენის საზღვარგარეთ გატანაც.

  სიუჟეტი „ნაცარქექიად“ მონათლული მეოცნებე ბიჭის, მახარეს, ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც ძმა და რძალი სახლიდან წასვლას აიძულებენ. 299 წლის ყვავის დახმარებით, ასევე, თავისი მოხერხებულობისა და საზრიანობის წყალობით, იგი ქვევრში მცხოვრები დევის ტყვეობიდან მზის ქალს, ცისიას, გამოიხსნის და სიყვარულსა და სითბოს დაუბრუნებს ქვეყანას. ანიმაციური სპექტაკლი გმირების მიერ შესრულებული რამდენიმე მუსიკალური ჩანართით კიდევ უფრო ეფექტური და აღქმადი ხდება.

  აღსანიშნავია, რომ „ნაცარქექიას“ პრემიერა 4 თვის წინ ქუთაისში შედგა და მას შემდეგ ტყიბული მესამე ქალაქია, სადაც ნორჩმა მაყურებელმა ფერადი ჩრდილების წარმოდგენა იხილა.

ნათია მურუსიძე

007 008 0010 0012 0013 0014 0015