ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 28 დეკემბერს, დამდეგი 2019 წლის აღსანიშნავად კაფე-საღამო მოეწყო, რომელშიც ჩვენი სასახლის ახალგაზრდული თვითმმართველობის 75-მდე მოსწავლე იყო ჩართული. ასეთი ღონისძიება სასახლეში ტრადიციად დამკვიდრდა და იგი უკვე მეხუთედ, წელს ჩატარდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზი (ხელმძღვანელი ბელა გვენეტაძე).
საზეიმო საღამოში მონაწილეობდნენ შემოქმედთა, პრესისა და ინფორმაციის, სპორტისა და ტურიზმის, ეკოლოგიის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ,,პოზიტივი ტყიბულს" სექციური ჯგუფები. თითოეული გუნდი 15-მდე წევრისაგან შედგებოდა. ნიჭიერმა, კრეატიულმა ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შესაძლებლობები აჩვენეს. მათ იმ პროექტების მიმდინარეობასა და შედეგებზეც ისაუბრეს, რომელიც მოსწავლეთა სასახლის მხარდაჭერითა და თანადგომით განახორციელეს. მოსწავლეებმა მაყურებელს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად იუმორისტული ნომრები შესთავაზეს. ასევე, მათ წარმოაჩინეს როგორც ხალხური და თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერების, ასევე - პოეზიის ნიმუშები. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსებში, სიმღერასა თუ ცეკვაში და მთელი მონდომებით გვიჩვენებდნენ თავიანთ ხელოვნებას. სიმღერას ლექსი ცვლიდა, ლექსს - ცეკვა და იუმორი და ასე გრძელდებოდა გვიანობამდე. სახალისო იყო სალათების კონკურსიც, რომელშიც ვაჟები მონაწილეობდნენ. მოეწყო მუსიკალური ვიქტორინა და კარაოკე-შოუ-ფესტივალი.
კაფე-საღამოზე საგანგებოდ გაწყობილ თითოეულ მაგიდას არჩეული ჰყავდა სუფრის თამადა,რომელიც ორიგინალური და შთამბეჭდავი სადღეგრძელოებით იწონებდა თავს მაყურებლის წინაშე.
ღონისძიების მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატის ბიუროს, კულტურის ობიექტების გაეთიანების წარმომადგენლები.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციამ ღონისძიების მონაწილეები ფასიანი საჩუქრებითა და საახალწლო სუვენირებით დააჯილდოვა.
ღონისძიებამ არაერთი ნიჭიერი და შემოქმედი ბავშვი გამოავლინა და ნათლად დაგვანახა, რომ მოზარდების სულსა და გულს საოცრად სჭირდებათ ისეთი კუთხე, სადაც ერთად დაისვენებენ, გაერთობიან, მუსიკას მოისმენენ, საკუთარ თავთან განმარტოვდებიან ყოველგვარი წინასწარი ზედმეტი მომზადების გარეშე.
საზეიმო საღამომ დიდი ინტერესი გამოიწვია და მაყურებელთა აღტაცებულმა შეძახილებმა გვამცნო, რომ მისია-სადღესასწაულო განწყობის შექმნა, მოტივაციის ამაღლება, მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება-შესრულებული იყო.
ანი გოგიაშვილი,
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პრესისა და ინფორმაციის
სექციური ჯგუფის ხელმძღვანელი
კომენტარები გამორთულია