999

მაისობას, ცხრაჯვარობას გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო!

  ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, იშვიათი სილამაზითა და უნიკალური მდებარეობით, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე - ცხრაჯვარის სალოცავი მდებარეობს.
ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს (ძველით) ცხრაჯვარი განსაკუთრებულ სიცოცხლეს იძენს და დღესასწაულის საბაბი ხდება. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, ამ დღეს მომლოცველთა სიმრავლით ხარობს.

  ლეგენდა მოგვითხრობს:

  სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომია თავს. ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა, ერთ დღესაც, ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვია, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო… მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა…
სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე და ცხრა ჯვარიც იქ დაუბრძანებიათ, დიდი შრომისა და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ.
ლეგენდა თაობიდან თაობაზე გადადის... პატარა სოფელი, ძიროვანი, ამ დღეს ერთად ორად ივსება და მხიარულობს. „ცხრაჯვარობის“ დღესასწაულზე, ოკრიბელებთან ერთად, მთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებენ მომლოცველები მონაწილეობას.