ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა და თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „მიმდემი“ ასრულებს. ამ ეტაპზე სავალი გზის ნაწილი დაპროფილებულია და ინერტული მასალაა შეტანილი, სადაც მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს ტკეპნითი სამუშაოები. პარალელურად საპროექტო გზის მიმდებარედ ხორციელდება 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედლის მონოლითური რკინა-ბეტონით მოწყობა, რომლის სიმაღლეც ორი მეტრი იქნება. სამუშაოები შეაფერხა გზის პერიმეტრზე არსებულმა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის, 300 მეტრიანი მონაკვეთის, მწყობრიდან გამოსვლამ. ადგილობრივი თვითმმართველობის ოპერატიული ჩართულობის შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მიმდინარეობს აღნიშნული დაზიანების სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე ტიპის, 300 მმ-იანი დიამეტრის, მაღალი წნევის გამავლობის, პოლიეთილენის მასალისაგან დამზადებული, სასმელი წყლის მილებით.

  შეგახსენებთ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე რგფ-ის დაფინანსებით 960 გრძივი მეტრი კაპიტალური ბეტონისსაფარიანი არმირებული გზა იგება, რისთვისაც მილიონ 100 ათასი ლარი იხარჯება. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში აქ მოეწყობა განათებები, სანიაღვრე არხები, ხის ბოგირები, ტროტუარები, ბორდიურები და სანაგვე ურნები. ამ ეტაპზე ქუჩის გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულების ფასადების რეაბილიტაცია მოხდა - შეილესა და შეიღება.

  მუნიციპალიტეტის მერმა, შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში, კოსტავას N2-ში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც, ასევე, შპს „მიმდემი“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 99 ათას 530 ლარია და ასფალტო-ბეტონის საფარით ამ ტერიტორიის მოწყობას ითვალისწინებს. ინერტული მასალა უკვე შეტანილია და შესაბამისი ტექნიკით გზის პროფილირება და დატკეპნა ხდება. ეზოში დაზიანებული კედლის მონაკვეთი აღდგა. გეგმაშია ეზოსთან მისასვლელი გზის, სანიაღვრე არხების,  ბაზალტის ქვით ბორდიურებისა და ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკრის მოწყობა, ასევე, განათების მონტაჟი.

  მონიტორინგის ბოლოს, კი, თემურ ჩუბინიძე ქალაქში გარე-განათების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 72 ათას 300 ლარი გამოყო და 800-მდე ახალი, სხვადასხვა სიმძლავრის, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი შეიძინა, რომელთა მონტაჟი დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს. განახლებული სისტემა ცენტრალურ ქუჩას სრულად, ასევე, უბნებსა და ჩიხებს მოიცავს და ძველ ლამპიონებს ახალი ეფექტური ნათებით ჩაანაცვლებს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია