„თეატრალური იმერეთი - 2016“ 20 ივნისს გაიხსნა და 7 ივლისს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა. ფესტივალს მეშვიდე წელია, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი მასპინძლობს.
ჩვენი მუნიციპალიტეტი, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე, სპექტაკლით, „წყნარი ღამით,“ ღირსეულად წარდგა, რომლის რეჟისურაც, ლალი კუბლაშვილს ეკუთვნის. მთავარი როლები კი ტყიბულის დასის მსახიობებმა, ნათია ხაბურზანიამ და სანდრო ბუცხრიკიძემ, ითამაშეს.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, ნიკოლოზ წულუკიძე, ხელმძღვანელობდა, „წყნარმა ღამემ“ ნომინაციაში, - „საუკეთესო სცენოგრაფია,“ გაიმარჯვა. გარდა ამისა, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიისა და საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდენტმა, თეიმურაზ ლანჩავამ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის რეჟისორი, ლალი კუბლაშვილი, ფესტივალზე წარმოდგენილი საუკეთესო სპექტაკლისათვის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.
„ - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ თამამად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ტყიბულის თეატრს აქვს დიდი ტრადიციები. აქ არსებობდა ჯერ სახელმწიფო, შემდეგ ძალიან წარმატებული სახალხო თეატრი, მერე იყო დიდი წყვეტა და 2013 წლიდან დღემდე უკვე ვარსებობთ ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტის თეატრი. უზომოდ ვმადლობ უფალსა და ჩვენს ხელისუფლებას, რომ შევძელით და თეატრალურ რუკაზე ღირსეულად მოვნიშნეთ ტყიბული. უკვე დღეიდან ვემზადებით მომავალი ფესტივალისათვის. „ - აღნიშნა რეჟისორმა, ლალი კუბლაშვილმა.“
„თეატრალური იმერეთი 2016-ის“ ყველა მონაწილე ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო სიმბოლური სუვენირებითა და სიგელებით დასაჩუქრდა.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე.
კომენტარები გამორთულია