ტყიბულში ეთიკის კოდექსს ხელი მოეწერა

  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს. ეს ტრადიცია 2010 წლიდან არსებობს და მისი შემუშავება არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით მოხდა. Ν57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიამ (ცამეტივე წევრმა), ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციამ, აღნიშნულ დოკუმენტს, ერთდროულად, 12 საათზე, მოაწერა ხელი.
ცსკო-ს მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, მათ შორისაა, კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი. ეთიკის კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულნი არიან, უზრუნველჰყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნას.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის #57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 22 ათას 584 ამომრჩეველი, რომელიც საკუთარი არჩევანის გაკეთებას, რეგისტრაციის ადგილის შესაბამისად, 37 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე შეძლებს.

ნათია მურუსიძე