დამსახურებული ექიმის, ქაქუცა კვინიხიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა

 

   ქალაქ ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩის N49 საცხოვრებელ კორპუსზე რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის (ქირურგი), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, ქაიხოსრო (ქაქუცა) შალვას ძე კვინიხიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა. სამედიცინო სამსახურის ღვაწლმოსილი, მაღალკვალიფიციური მუშაკი, წლების განმავლობაში ქალაქ ტყიბულის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მთავარი ქირურგი, აღნიშნულ სახლში 1963-91წ.წ. (გარდაცვალებამდე) ცხოვრობდა.

   ქაქუცა კვინიხიძე დაიბადა ქუთაისში, ექიმის ოჯახში. მან დაამთავრა ქუთაისის რკინიგზის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ადამიანებს, მათი ჯანმრთელობის დაცვასა და საზოგადოების კეთილდღეობას. მუშაობდა ჯავის რაიონის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად, შემდეგ ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმ-ორდინატორად, ტყიბულის შაორჰესის საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ქირურგად. ხელმძღვანელობდა ქალაქის ჯანმრთელობის განყოფილებას  და იყო ჯერ საავადმყოფოს მთავარი ქირურგი, მერე კი - მთავარი ექიმი.

  მას პროფესიულ საქმეში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ექიმ-ქირურგისა და ჯანმრთელობის დარგის ფრიადოსნის წოდება. ასევე მიღებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი, რამდენიმე მედალი და სხვა ჯილდოები.

  რესპუბლიკის დამსახურებული ექიმისა და საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები- სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის” ტყიბულის ჰოსპიტლის დირექტორი, იური ელიაშვილი და საქველმოქმედო საზოგადოება ,,ოკრიბის” თავმჯდომარე, ლენგერ ბოჭორიშვილი. მათ დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ისაუბრეს ქაქუცა კვინიხიძის მიერ ჩვენი ქალაქისა და მისი მცხოვრებლების მიმართ გაწეული ამაგისა და უანგარო, გულისხმიერი საქმიანობის შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ის იყო არამარტო პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმი, არამედ საზოგადო მოღვაწე, უღალატო მეგობარი და ყველასათვის მისაბაძი მაგალითი.

  აღნიშნული მემორიალური დაფა ქაქუცა კვინიხიძის ოჯახის ინიციატივითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარისა და ჩვენი ქალაქის  საზოგადოების  მხარდაჭერით გაიხსნა.

მარი ბაბუხადია

Scan12 14055737_1142418022498383_1820557622_n



 

1 კომენტარი “დამსახურებული ექიმის, ქაქუცა კვინიხიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა

  1. Уведомление: 1enclose

კომენტარები გამორთულია