გმადლობთ ღირსეულად განვლილი წლებისათვის...

  იური ელიაშვილი 80 წლისაა... 

  უმზერ და გიჭირს დაჯერება, რომ 80-ჯერ გადათვალა მისი ცხოვრების წლების კრიალოსანმა.
რამდენი სიხარული, რამდენი ტკივილი, წარმატება თუ იმედგაცრუება ყოფილა ამ ხნის მანძილზე, მაგრამ ღირსებების მატარებელ კაცს არასოდეს ჩაუმუხლავს... პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით, ავტორიტეტით გამორჩეულს, საყვარელი ქალაქისა და თანაქალაქელების სამსახურში მყოფს, მხოლოდ მოწოდების სიმაღლეზე თუ ვხედავთ...
მისი დიდი გვარის წინაპრები ხომ წმინდა ელიას შთამომავლები არიან... ისინი გელათის ნაკურთხ მიწაზე დასახლებულან. საზოგადოებისათვის მისაღებ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანები. მის სახლში იქმნებოდა ლიტერატურის ხელთუქმნელი ძეგლი ,,დიდოსტატის მარჯვენა.” კონსტანტინე გამსახურდიამ სახელი დაუწუნა თურმე იურის და გიორგით მონათლა იგი გელათის დიდებულ ტაძარში. თუმცა, დედის ხსოვნის საპატივცემულოდ (იგი ადრე გარდაეცვალა, მამა კი - გადაასახლეს) მშობლების დარქმეულ სახელს ატარებს. იური დედინაცვალმა, კეთილშობილმა ქალბატონმა გაზარდა. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს თანაკურსელი, მედეა გოგრიჭიანი, შეუყვარდა და მათ სანიმუშო ოჯახიც შექმნეს. სამ ვაჟიშვილს ზრდიდნენ სიყვარულით... შემდეგ იყო ენით აღუწერელი ტკივილი და მწუხარება ოჯახური ტრაგედიებისა... ორი გამორჩეულად კარგი ვაჟიშვილის, მამუკასა და ლადოს დაკარგვა... ასეთი სასტიკი, ულმობელია ზოგჯერ ბედისწერა... მაგრამ... მისი სულიერი სიძლიერე, `ჭირსა შიგან გამაგრება,” ცხოვრების კრედო და დევიზი გახდა. ბუნებით არისტოკრატს, ქალაქის კოლორიტ პიროვნებას, ამ დიდი მწუხარებით არავინ შეუწუხებია. ყოველთვის ახერხებს იგი ადამიანების გვერდითდგომას, სხვისი ჭირისა და ლხინის გაზიარებას.
ცხოვრება კი `ბრძოლის ხელოვნებაა” და მუდმივ მზადყოფნასა და სიმტკიცეს მოითხოვს იგი. სამედიცინო კორპორაცია `ევექსის” ტყიბულის ჰოსპიტლის მენეჯერი ამაყად დააბიჯებს საყვარელი ქალაქის ქუჩებში და აქტიურადაა ჩართული მის სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ნდობა ყველაზე მაღალი შეფასებაა ექიმისათვის. იგი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგად მოდის, რითაც უფალმა დააჯილდოვა `ჩვენი ალექსეევიჩი.”
ტყიბული ყოველთვის აფასებს თავის გამორჩეულ შვილებს. უამრავი სამთავრობო ჯილდოს მფლობელია იური ელიაშვილი. ყველაზე დიდი საჩუქარი კი მაინც იმ უბრალო თანაქალაქელების სიყვარულია, რომელსაც თან დაატარებს გაუტეხელი სულის, ღირსეული იუბილარი.
რა უცებ გაპარულა დრო... და მაინც, 80 – თქვენი დიდი ცხოვრების შუადღეა! მადლობას გიხდით შთამბეჭდავად გატარებული წლებისათვის. თქვენ დაუვიწყარი სახე შექმენით, თუ როგორი უნდა იყოს მამულიშვილი.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია