74615435_3132460316824089_2583714594262351872_o

გელათის მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში გელათის მონასტერთან მისასვლელი, ალტერნატიული, ძველი გზის (ე.წ. ,,დავითის გზა“) რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 682 გრძივი მეტრი საფეხმავლო, ტურისტული, ბილიკის განახლება თითქმის დასრულებულია, რომელიც ნიჩბისის ქვით მოპირკეთდა. პროექტით მიმდინარეობს, ასევე განათებების, ძელ-სკამების, ჯებირების, გაბიონების, ფანჩატურების, სანიაღვრე არხებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარდა ამისა არსებული, ძველი საყრდენი კედლების საჭიროებისამებრ აღდგენა. საფეხმავლო ბილიკი 1000 გრძივ მეტრზე გაგრძელდება არმირებული, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზით, რომლის სამუშაობიც წელს გაზიფიცირების გამო შეჩერდა და მომავალი წლისათვის დასრულდება. მოსახლეობასთან მისასვლელი 480 გრძივი მეტრი გზა კი, - ბეტონის საფარითა და განათებებით უკვე მოეწყო.

   აქ მიმდინარე და უკვე დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილზე მისვლით გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გაესაუბრა.

  პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 1 მილიონ 113 ათას 662 ლარის ფარგლებში ხორციელდება. შესაბამის სამუშაოებს კი,- ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI“ ასრულებს.

  აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ტყიბულის მუნციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობის, გელათის, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

მარი ბაბუხადია