გელათის მონასტრის აკადემიის დარბაზში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის დაწყებამდე წმინდა მეფის საფლავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს იგი. აკადემიის დარბაზში ისტორიული თხზულების წერის კონკურსის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია მოაწყვეს, მოწვეულმა პროფესორ-ისტორიკოსებმა, მერაბ კეზევაძემ და სულხან კუპრაშვილმა კი, - მათი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს და შეკრებილი საზოგადოებისათვის წაიკითხეს ლექცია დავითის ფენომენთან დაკავშირებით.
აქვე გაიმართა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებაც. მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მათ ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი პრიზები (I ადგილი 200, II - ადგილი 150, III - ადგილი 100 ლარი) და უახლესი ქართული გამოცემები, სიგელებთან ერთად, გადასცეს. წიგნებით, სიგელებითა და სამახსოვრო ბარათებით დასაჩუქრდნენ, ასევე, პროექტში ჩართული პედაგოგები და ყველა მონაწილე მოსწავლე. ღონისძიება, შემოქმედებითი კუთხით, თემატური ნომრებით, ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მრავალფეროვანი გახადეს.
აღნიშნული ისტორიული თხზულების წერის კონკურსი დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით 10 თებერვალს მოეწყო. საკონკურსო თემების ჩამონათვალი იყო: „დავითი რეფორმატორი“; „დავითი მთავარსარდალი“; „ძლევაი საკვირველი - დიდგორის ბრძოლა“; „გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“; ,,დავითი მწიგნობარი“. გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
I ადგილი - ანა გოგიაშვილი - (N6 საჯარო სკოლა, X კლასი)
II ადგილი - ქრისტინე მიქიაშვილი - (N5 საჯარო სკოლა, XII კლასი)
III ადგილი - სოფიო ჩაფიძე - (N5 საჯარო სკოლა, XII კლასი), ანა გვეტაძე - (N6 საჯარო სკოლა, XI კლასი).
გელათში სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიება და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია