პრემიერა მუნიციპალურ თეატრში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლის, „ქვანახშირის ფასის“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ყველა მეშახტესა და მათ ოჯახებს მიეძღვნა. წარმოდგენა ინგლისელი დრამატურგის ჰაროლდ ბრიგჰაუსის XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი, ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა.  ერთმოქმედებიანი დრამა მოწვეულმა რეჟისორმა, კახაბერ გოგოლაშვილმა, ტყიბულელი მაყურებლისათვის გააცოცხლა. მასში მონაწილეობდნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარინა ბრეგაძე და დასის მსახიობები: გურანდა ბარბაქაძე, ნათია ხაბურზანია, თორნიკე გოტიაშვილი.

  როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ სპექტაკლის დადგმაზე დიდი ხნის წინ ფიქრობდა. მან პიესა მეტად მტკივნეული თემის, ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული ტრაგედიების, გამო შეარჩია. აღნიშნული დრამა მისი რეჟისურით ჯერ კიდევ გასული წლის მაისში უნდა დადგმულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ასევე, მოხდა სექტემბრის თვეშიც.

  „სპექტაკლით მინდოდა მაყურებლისათვის მეჩვენებინა ის ფსიქოლოგიური ტრაგედია, განცდები და მდგომარეობა, რაც უბედური შემთხვევების დროს მეშახტეთა ოჯახებში დგას. მადლობა მსახიობებს, რომ თავი არ დაუზოგავთ და დიდი შრომა ჩადეს სპექტაკლში. ასევე, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალსა და სხვა თანამშრომლებს მუშაობის პროცესში ხელშეწყობისა და გვერდითდგომისათვის. ასევე მინდა ხაზი გავუსვა  მაყურებლის მაღალ კულტურას. აქვე მინდა აღვნიშნო იმ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ რაც სცენის ტექნიკას, განათებასა და სხვა ტექნიკურ მხარეს უკავშირდება, ყველაფერმა ამან ხელი შეგვიშალა, სპექტაკლი ყოფილიყო გაცილებით უფრო ხარისხიანი ამ თვალსაზრისით. თუ ეს პქობლემები მოგვარდება, მოხდება ახალი თანამედროვე განათების მოწყობა, შესაძლებელი იქნება სანახაობრივად ეფექტური, შოუს ელემენტებით დატვირთული წარმოდგენებისა და ზღაპრების დადგმა, ასევე, სხვა თეატრებისა და დასების მოწვევა“ - აღნიშნა რეჟისორმა, კახაბერ გოგოლაშვილმა.

  პრემიერას სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციების, კულტურის ობიექტების გაერთიანების წარმომადგენლებთან და სხვა მაყურებელთან ერთად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობები ესწრებოდნენ. წარმოდგენა თავისი თემატიკით, პერსონაჟებით, შესაბამისი მუსიკალური გაფორმებითა და დეკორაციებით  მაყურებლისათვის ძალზედ შთამბეჭდავი და ემოციური სანახავი იყო.

  სპექტაკლი  პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

 

მარი ბაბუხადია

 

 

 

კომენტარები გამორთულია