32-ე 9 აპრილი

   32 წლის შემდეგ 9 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად ეხმიანება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის, ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რუსულ აგრესიას შეწირული გმირების სახსოვრად 9 აპრილის პარკში, ახალგაზრდების მონაწილეობით, საქალაქო ღონისძიება გაიმართა. მანამდე კი ტყიბულის სამხატვრო სკოლამ დამთვალიერებელს თემატური ექსპოზიცია შესთავაზა. 60-მდე მოსწავლის ნამუშევარი იყო გამოფენილი სივრცეში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიასთან ერთად, გაზაფხულისა და ბუნების გაღვიძების სურათებს ასახავდა. ფერწერა, ფერადი გრაფიკა, პორტრეტის ელემენტები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები თუ ანიმალისტური ჟანრი საოცრად ცოცხალი ფერებით იყო გადმოცემული. გამოფენას, ხელოვნების მოყვარულებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ესწრებოდნენ. მათ რამდენიმე სიტყვით ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს შეახსენეს ის განსაკუთრებული წვლილი, რომელიც თავისუფლებასშეწირულმა 21-მა ქართველმა გაიღო, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისათვის. ექსპოზიციის ბოლოს სკოლის დირექტორმა, მირზა ჭელიშვილმა, სტუმრებთან ერთად, მოსწავლეები წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოვა.

  ღონისძიებამ 9 აპრილის სახელობის სკვერში გადაინაცვლა. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოანე (კობახიძემ), გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ვაჟთა საქალაქო ფოლკლორულმა ანსამბლმა, „ერთამ,“ საკუთარი დებიუტი სიმღერით ტყიბულზე წარმოადგინა. მუნიციპალიტეტის ხელმძღანელობამ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. წარმოდგენილი იყო ჯერ მხატვრული, შემდეგ კი ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ტიტები.“ წამყვანმა, მაია ბრეგაძემ, 9 აპრილის მოვლენათა ქრონოლოგია  წარმოადგინა. შესრულდა სიმღერები „სალაღობო,“ „თავისუფლება,“ ცეკვა „ქართული,“ გაჟღერდა უნიკალური აუდიო ჩანაწერები მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლების ფრაგმენტებით. თემურ ჩუბინიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 9 აპრილის ორმაგი დატვირთვის შესახებ, ტრაგიკული ბრძოლისა და ამავდროულად, ამ ხალხის სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების ფაქტზე. 

  ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

 

ნათია მურუსიძე

 

კომენტარები გამორთულია