215_5296_01.MP4.Still001

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება საწირეში

  26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს, რაც ამავე წლის 26 მაისს, იმდროინდელი ეროვნული საბჭოს დადგენილებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას უკავშირდება, ამ დღეს მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

  სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კულტურის ობიექტების გაერთიანების, სოფელ საწირის კულტურის სახლმა საზეიმო ღონისძიება მიუძღვნა. კონცერტი, ღია ცის ქვეშ, საწირის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ გაიმართა, მასში ჩართულნი იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოკრიბა,“ ინდივიდუალური ტყიბულელი შემსრულებლები ხატია გოგელაშვილი და ხათუნა გაბელაშვილი, ამავე ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ორსაათიანი პროგრამა 24 მრავალფეროვან და თემატურ ნომერს მოიცავდა, რომელიც საწირის საჯარო სკოლის მოსწავლეს, მარი ბრეგაძეს, მიჰყავდა. მონაწილეებმა მაყურებელს, როგორც ფოლკლორული ნიმუშები, ისე თანამედროვე სიმღერები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური კომპოზიციები წარმოუდგინეს. საბავშვო ბაღის კოსტიუმირებულმა აღსაზრდელებმა განსაკუთრებული ხალისიანი განწყობა შეუქმნეს მსმენელს.

  საწირის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობამ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და ორგანიზატორებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა მკვიდრმა, საწირის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქართული დიასპორა იტალიაში“ ხელმძღვანელმა, ირა სოფრომაძემ, საწირის კულტურის სახლის კოორდინატორი, სოფიო ცქიფურიშვილი, ლიტერატურული გამოცემით დაასაჩუქრა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ასევე ანსამბლ „ოკრიბას“ ხელმძღვანელს, სხვადასხვა პედაგოგსა და მონაწილეს. ღონისძიება საწირის კულტურის სახლის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.

მარი ბაბუხადია