ჭიათურელ მოსწავლეთა კონცერტი მუნიციპალურ თეატრში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ შემოქმედ მოსწავლეთა კონცერტს თეატრში უმასპინძლა. ღონისძიებაში ჭიათურის კულტურის ცენტრის სასწავლო-საგანმანათლებლო დეპარტამენტის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო და ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის  ქორეოგრაფიული სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. კონცერტის პარალელურად თეატრის ფოიეში მოწყობილი იყო ჭიათურის ნ. ფიროსმანის  სახელობის სამხატვრო სკოლა „ნიკალას“ მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ორსაათიანი საკონცერტო პროგრამა 26 მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული, ვოკალური და მუსიკალური ნომრით იყო წარმოდგენილი. საღამო ჭიათურის კულტურის ცენტრის წარმომადგენელს, ნონა თუთარაშვილს, მიჰყავდა. აღსანიშნავია, რომ მასში  ასევე, პედაგოგები და სასწავლო-საგანმანათლებლო დეპატრამენტის, ხელმძღვანელი, თამარ ქადიძე, მონაწილეობდნენ.

  მსმენლისათვის შესრულებული იყო, როგორც ქართველი, ისე უცხოელი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, ქართულ-ხალხური და სპორტულ-სამეჯლისო ცეკვები, ასევე, - სიმღერები მათ შორის, როგორც კინო, ისე მულტიპლიკაციური ფილმებიდან. პროგრამა 5 ქორეოგრაფიული ანსამბლის, სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილების, ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „მნათეს,“ სტუდია „ანა-ბანასა“ და საბალეტო ჯგუფის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი შესრულებით შესთავაზეს მაყურებელს.

  ჭიათურის კულტურის ცენტრის სასწავლო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი ტურნეს იმერეთის ფარგლებში უკვე 4 წელია აწყობს, რომელმაც ამ დროის განმავლობაში, ტყიბულის ჩათვლით, 14 მუნიციპალიტეტში მოაწყო საჩვენებელი საღამო. ჩვენი მუნიციპალიტეტი წელს მეორეა, რომელსაც აღნიშნული პროექტით ჭიათურის შემოქმედებით ჯგუფები ეწვივნენ.

მარი ბაბუხადია

 

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.