წინასაახალწლოდ ტყიბულს „ორი ჯუჯა“ ეწვია

  დამდეგ 2022 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ტყიბულს ყველასათვის საყვარელი „ორი ჯუჯა“ მეგობარ მომღერლებთან ერთად ეწვია.

  ყველა ასაკის მაყურებლისათვის საკონცერტო პროგრამით ღონისძიება მუნიციპალურ თეატრში მოეწყო. საიუბილეო კონცერტი „ორი ჯუჯას“ - ვახტანგ ტატიშვილისა და ნუგზარ კვაშალის 80 და 70 წლის იუბილეებთანაა დაკავშირებული.

  პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ტურნეს ფარგლებში წინასაახალწლო კონცერტს გარდა ტყიბულისა, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქმაც უმასპინძლა.

  ტყიბულელი მსმენელისათვის ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა - ბეს კალანდაძემ, ზურა კობეშავიძემ, ნუგზარ ერგემლიძემ და მაკა ქაჯაიამ დიდი სიყვარულით შეასრულეს მუსიკალური ნომრები ანსამბლ „ივერიის“ რეპერტუარიდან. როგორც ქართული მულტფილმებიდან და მიუზიკლებიდან ცნობილი ქართველი კომპოზიტორის „ივერიის“ ხელმძღვანლის, ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას, ისე სხვა კომპოზიტორების სიმღერები.

  პატარებმა დრო შემსრულებლებთან ერთად მხიარულად გაატარეს, მათთან ერთად სცენაზე იმღერეს, იცეკვეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა, ასევე, ყველასათვის საყვარელი იუმორისტის, ბიძინა მახარაძის, სახალისო ისტორიებმა და მონოლოგებმა მოუტანა მაყურებელს.

  ღონისძიებას, სხვა ტყიბულელებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სხვა ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  კონცერტი პანდემიასთან კაკავშირებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.

  აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქალაქში სტუმრად მყოფმა შემსრულებლებმა ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას სახელობის სკვერიც მოინახულეს. მნიშვნელოვანია, რომ ლეგენდარულმა კომპოზიტორმა ბავშვობისა და მოსწავლეობის პერიოდი ტყიბულში გაატარა.   

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია