ტყიბულში, შოთა რუსთაველის სახელობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მწერალ, ბესო ხვედელიძესთან, შეხვედრა მოეწყო.
ღონისძიება „საქნახშირის“ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც „საქნახშირის“ „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ წევრებთან ერთად სხვა ბავშვები და ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ.
მწერალი, პოეტი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, მოგზაური, კინო-სცენარისტი სტუმრისაგან საკუთარი ბიოგრაფიის, საინტერესო ისტორიების, შემოქმედებითი ცხოვრებიდან შთამბეჭდავი ეპიზოდების მოსმენამ მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით აავსო და განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა შეუქმნა მათ. უკეთ გაცნობისათვის მწერალმა ვიდეო-პორტრეტიც წარმოადგინა და ბავშვებს წიგნიერებისა და ლიტერატურის როლზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნების კულტურის, ტრადიციების შესახებ და მოგზაურობისას დაგროვებულ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა. მწერალი 9 წელია ნეპალში ცხოვრობს სადაც მას საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს.
საგანგებოდ მოწვეულმა სტუმარმა თავისივე საბავშვო ლექსები დიდი სიყვარულით წაიკითხა და შეკრებილებს, ასევე სასახლესა და ლიტერატურულ კაფეს საკუთარი ლექსებისა და მოთხრობების კრებულიც უსახსოვრა. ერთ-ერთ მოსწავლეს, კი მისი საყვარელი წიგნი, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის, „პატარა უფლისწული“ გადასცა. წიგნი ერთი წლის განმავლობაში ტყიბულში იმოგზაურებს და მიკითხველიდან მკითხველს გადაეცემა, შთაბეჭდილებებს კი, მინაწერის სახით დატოვებენ. მომავალ 1 ივნისს კი, ისინი ილუსტრირებულ წიგნად შეკრულ „პატარა უფლისწულის“ ამბავის შესახებ საკუთარ თვალთახედვას, განცდილსა და ნააზრევს ერთმანეთს გაუზიარებენ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, ასევე, ადგილობრვი თვითმმართველობის, შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1 ივნისს სასახლესთან მისულ ბავშვებს „საქნახშირის“ ინიციატივით „ტყიბულის მთის ჩაი“ ნაყინებით გაუმასპინძლდა. „საქნახშირმა“ ამავე დღეს „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ წევრები „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაასაჩუქრა.
მარი ბაბუხადია
25 thoughts on “შეხვედრა მწერალ ბესო ხვედელიძესთან ტყიბულში”
კომენტარები გამორთულია