74209122_3153239044746216_7453170393583452160_o

ფოლკლორის საღამო ტყიბულში

  ტყიბულში, შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის სცენაზე ფოლკლორის საღამო „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“ გაიმართა.

  ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ანსამბლები, შემსრულებლები, პოეტები და სახალხო მთქმელები.

  საღამოს სანახაობრივად კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა აქ საგანგებოდ მოწყობილი რეწვის ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ტყიბულის ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. დამთვალიერებლებსა და მაყურებლებს ადგილობრივი ნაწარმის გაცნობის, შეძენისა და დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.

  ღონისძიების თითქმის 3 საათიანი საკონცერტო პროგრამა 40-მდე მრავალფეროვანი ნომრით იყო დატვირთული, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო ნაწილის გამგე, მადონა ესებუა და თანაწამყვანები, სასახლის ახალგაზრდა აქტივისტები, ანი გოგიაშვილი და სანდრო ქელბაქიანი უძღვებოდნენ.

  ფოლკლორის საღამო მიზნად ისახავდა ადგილობრივი ფოლკოლორის პოპულარიზაციას, სტუმარი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან დამეგობრებას, ერთმანეთისათვის ფოლკლორული ნიმუშებისა და შემოქმედების გაცნობას, ასევე, ქართული ხალხური საგანძურით მოსწავლე-ახალგაზრდების დაინტერესებას.

   ღონისძიება კულტურის ობიექტების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით მოეწყო. მას, ადგილობრივებთან და სტუმრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარი ბაბუხადია