215_5210_01.MP4.Still001

სასკოლო თეატრალური კვირეულის გამარჯვებულია N5 სკოლის დასი

  სასკოლო თეატრალური კვირეული, რომელიც ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ ინიციატივითა და ორგანიზებით ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. მასში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N2, N4, N5 და ასევე, სოფლების - კურსების, ორპირისა და ცუცხვათის საჯარო სკოლები. თითოეული დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლისა თუ ინსცენირების ხანგრძლივობა დებულების მიხედვით იყო განსაზღვრული. მონაწილეთა ასაკი ითვალისწინებდა VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელთა რაოდენობაც სამსახიობო ჯგუფში შეზღუდული არ იყო. სკოლების მიერ ნაჩვენები იქნა შემდეგი სპექტაკლები: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (კურსები), „დედა“ (N1 სკოლა), „უკვდავი პერსონაჟები: „ელიოზი“ და „ფუფალა“ (N5 სკოლა), „ბახტრიონი“ (N4 სკოლა), „შუაზე გაყოფილი ცრემლი“ (N2 სკოლა), „ნოდარ დუმბაძე და ჩვენ“ (ორპირი), „გამარჯვება ბოროტებაზე“ (ცუცხვათი). თითოეული დასის მიერ ნაჩვენებ ნამუშევარს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: თავმჯდომარე - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარიკა ბრეგაძე, წევრები - თეატრის მსახიობები, ნათია ხაბურზანია და თორნიკე ბარამიძე, ხელოვნებთმცოდნე, დიანა ტურძილაძე და ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე.

  დაჯილდოების ცერემონიალი კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელს, თამარ ლაფერაძეს, მიჰყავდა. მან თითოეული მონაწილე სკოლის დირექტორი იხმო სცენაზე, ნორჩ მსახიობებთან ერთად, რომელთაც სერთიფიკატები გადასცა. შემდეგ კი გამოვლინდნენ ცალკეულ ნომინაციებში გამარჯვებულები. საუკეთესო რეჟისურისათვის  შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა, თინათინ კუპრაშვილმა,  საუკეთესო სცენოგრაფიად შეფასდა კურსების საჯარო სკოლის სპექტაკლი. საუკეთასო მსახიობი გოგონას წოდება ჟიურიმ მიანიჭა N5 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ელენე ახვლედიანს, „ფუფალას“ როლისათვის, ხოლო საუკეთესო მსახიობი ვაჟის - ვაჟა აფრიდონიძეს, „ოსეფას“ როლისათვის, კურსების საჯარო სკოლიდან. მათ შესაბამისი სერთიფიკატები ჟიურის წევრებმა გადასცეს. დაჯილდოებას სიურპრიზის გარეშეც არ ჩაუვლია და ტყიბულის მუნციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, გამოაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილება და თითოეული მონაწილე სკოლა და ნომინაციაში გამარჯვებული დასი 100-100 ლარით დააჯილდოვა. რაც შეეხება თეატრალურ კვირეულის გამარჯვებულს, ჟიურის  შეფასებისა და გადაწყვეტილების შედეგად 500 ლარიანი პრიზი და საუკეთესო დასის ტიტული N5 საჯარო სკოლამ მიიღო.

  როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კვირეულის იდეა წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ იგი ტრადიციულ ხასიათს შეიძენს და მომავალ წელსაც გაიმართება. პროექტის წარმატებულობის გამო ტყიბულისა და თერჯოლის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებას“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების გასამართად 5 ათასი ლარი გადასცა საჩუქრად.

  რაც შეეხება გამარჯვებულ სპექტაკლს, მისი განმეორებითი ჩვენება  უფრო ფართო აუდიტორიისათვის მომავალ კვირას, მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე, გაიმართება.

ნათია მურუსიძე