„ორაგულები“ ტყიბულის სცენაზე

  ტყიბულმა თბილისის თეატრს „იასამანი“ უმასპინძლა, რომელიც ადგილობრივი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ორაგულები“ წარდგა

  დადგმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რამაზ ბოლქვაძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება, ნინო ჭელიშვილს (წარმოშობით ტყიბულელ ქალბატონს), ეკუთვნის.

  სიუჟეტი, აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგული მშობლიური კუთხის ნოსტალგიაზეა აგებული, ტკივილზე, რომელიც უახლოეს ადამიანებს დროისა და მანძილის მიღმა ტოვებს და მუდმივად მოგონებებით აცხოვრებს. უკან, მშობლიურ წყლებში, დაბრუნების ინსტიქტი, ისევე, როგორც ორაგულებს, მომავალ თაობასაც მძაფრად აქვს გამჯდარი სისხლში. შეუპოვარი, სიყვარულით სავსე ემოციებით ისინი,  იბრძვიან და არ ეპუებიან დაბრკოლებებს სანუკვარი მიზნის მისაღწევად. „ჩვენ მივდივართ სოხუმში, თქვენ?!“ - ასეთი მრავლისმთქმელი გამოწვევით ასრულებენ პერსონაჟები საკუთარ სათქმელს...

  წარმოდგენა, რეჟისორული გადაწყვეტით, ნაწილობრივ ეკრანიზაციით მიმდინარეობდა. ვიდეოკადრებში აფხაზეთის მოგონებების ეპიზოდებია  გაცოცხლებული.

  ,,გვინდა დავანგრიოთ მითი, რომ კინომ თეატრს მაყურებელი წაართვა. ჩვენ გავაერთიანეთ კინო და თეატრი, ეს იყო სინთეზში გაკეთებული ექსპერიმენტი, რომელიც მგონი გამოგვივიდა. მადლობა მინდა ვუთხრა ზურა მდინარაძეს, დრამატურგს, რომელმაც კინოსცენარი  სპექტაკლად გადაგვიკეთა„ - ამბობს ჩვენთან საუბრისას რამაზ ბოლქვაძე.

  „ორაგულები“ ერთ წლის წინ დაიდგა, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა სპექტაკლის მაყურებლამდე მიტანას. მარტიდან კი, წარმოდგენები განახლდა და რეგიონებში მოგზაურობა დაიწყო.

  სპექტაკლის ბოლოს „იასამანის“ მმართველმა, ნინო ჭელიშვილმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და თეატრს მხარდაჭერისათვის. მან კულტურის ობიექტების გაერთანების ხელმძღვანელს, ნათია ხეთერელს, „იასამანის“ სახელით სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “„ორაგულები“ ტყიბულის სცენაზე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.