კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში

  ტყიბულის სამხატვრო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სულ 19 მოსწავლის მიერ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 150-მდე ნიმუში დამთვალიერებლებისათვის სკოლის საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი. ავტორებს თავიანთი, ფიქრი, გარემოსა და სამყაროსადმი დამოკიდებულება თუ ინდივიდუალური ხედვა, ძირითადად, ფერწერულ, გრაფიკულ, თექისა და ვიტრაჟულ ნამუშევრებში ჰქონდათ გადმოცემული. გარდა ამისა, დიდ დაინტერესებას იწვევდა ქართველი მეფეებისა და ისტორიული გმირების ბრინჯაოსა და სპილენძის ფაქტურის ქანდაკებები, როგორც პორტრეტები, ისე კომპოზიციები. ასევე, კენჭებსა და ხის მერქანზე შესრულებული ფერადი მინიატურები. ისე როგორც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ამჯერადაც აქ სტუმრებს ხელოვნების ისტორიაში კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნაშრომების გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ.

  დამთვალიერებელთა შორის, სკოლის დირექციასთან ერთად, იმყოფებოდნენ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, კულტურის ობიექტების გაერთიანების და სხვადასხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები. სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა, მირზა ჭელიშვილმა, სტუმრებს თითოეული კურსდამთავრებული და მათი საგამოფენო კუთხე გააცნო და განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა თუ საინტერესო  პერსპექტივებზე ესაუბრა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია