მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, 2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ჩართულობით, კონცერტი მოეწყო. საგამოცდო პროგრამიდან შერჩეული 12 ნომერი საკონცერტო დარბაზში იყო წარმოდგენილი, რომელიც საფორტეპიანო განყოფილების, ასევე ქართული ცეკვებისა და საბალეტო კლასების მოსწავლეებმა შეასრულეს. წელს ხელოვნების სკოლას 25 კურსდამთავრებული ჰყავს, აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა და სურვილი აქვთ, ამავე დაწესებულების სხვა განყოფილებებზე გააგრძელონ სწავლა.
ღონისძიება პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა. კურსდამთავრებულთა საღამო აქ წელს პირველად გაიმართა და როგორც დირექციამ აღნიშნა იგი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. კონცერტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ხელოვნების სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობები მიიღეს, რომელიც მათ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაფერაძემ და ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელმა, ნანა ფორჩხიძემ, გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს.
მარი ბაბუხადია