215_7143_01.MP4.Still002

თეატრში თოჯინების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

  კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალურ თეატრში თოჯინების სპექტაკლის, - „ბატის ჭუკის“ პრემიერა გაიმართა. მასში ამავე თეატრის მსახიობებთან, ნათია ხაბურზანიასთან და თორნიკე გოტიაშვილთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები, ბელა გვენეტაძე და ცისანა ქათამაძე მონაწილეობდნენ.

  წარმოდგენა მეგობრობის თემაზე იყო აგებული.  მთავარი პერსონაჟი გოგონა - მანანა, რომელსაც ნათია ხაბურზანია ანსახიერებდა, სხვა პერსონაჟებთან - ,,მელასთან“, ,,ზღარბთან“ და ,,ბატის ჭუკთან“ ერთად, პატარა მაყურებელს განსაკუთრებულ მხიარულ განწყობას უქმნიდა. აღსანიშნავია, რომ სიმღერებითა და ოვაციებით ბავშვები თითქმის მთელი სპექტაკლის მიმდინარეობაში იყვნენ ჩართულნი.

  პრემიერას სანახაობრივად კიდევ უფრო საინტერესოს თემატურად შექმნილი დეკორაციები ქმნიდა, სპეციალურად მისთვის შეიქმნა აქ წარმოდგენილი თოჯინებიც.

  წარმოდგენის რეჟისურა მარინა ბრეგაძეს ეკუთვნის, რეჟისორის ასისტენტი კი,- თინათინ ნემსაძეა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მარინა ბრეგაძემ აღნიშნა, მაყურებელს ამავე სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა 5 ნოემბერსაც ექნება. თეატრი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან თანამშრომლობით საინტერესო პროექტებს სამომავლოდაც ჰპირდება ბავშვებსა და მოზარდებს.

მარი ბაბუხადია