ანსამბლ „ოკრიბის“ ხელმძღვანელი 80 წლისაა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზმა, ხანგრძლივი პანდემიური პაუზის შემდეგ, საიუბილეო საკონცერტო საღამოზე მისულ მაყურებელს უმასპინძლა. საქართველოს დამსახულებული ქორეოგრაფ-პედაგოგი, ღირსების, ბრწყინვალების, რაინდისა და ამაგდარის ორდენოსანი, რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი ჯემალ (სოლომონ) ბოცვაძე 80 წლის შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ანსამბლ „ოკრიბასთან“ ერთად, ჩვენი ქალაქისათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა ვოკალისტებმა მიიღეს. საღამოს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ბატონი ჯემალი პროფესიით სამთო-ინჟინერი, 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა ტყიბულის მაშინდელ ორჯონიკიძის სახელობის შახტში და არაერთ ჯილდო და მედალი აქვს მიღებული  სამთო დარგშიც. თუმცა პარალელურად ქორეოგრაფიულ საქმიანობასაც აქტიურად ეწეოდა და ქალაქის ახალგაზრდულ ანსამბლ „მეშახტეს“ სოლისტი იყო. მოგვიანებით 1995 წელს მეუღლესთან, გულჩინა ბოცვაძესთან, ერთად კულტურის ცენტრში, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოკრიბა“ ჩამოაყალიბა, რომელიც დღეს უკვე მე-11 თაობას ზრდის და აფრთიანებს. ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს ამ საპატიო საქმეში, უკვე რამდენიმე წელია,  მათივე აღზრდილი, ახალგაზრდა პედაგოგი, თამარ ყვავაძე, ეხმარება. პატარებს, რომელთაც ბოლო წელიწადნახევარია რეპეტიციები, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების გამო, პაუზებით უტარდებოდათ და არც კონცერტების ფუფუნება ჰქონიათ, ფაქტობრივად, სადებიუტო გამოსვლა მოუხდათ თეატრის სცენაზე. მათ შეასრულეს ცეკვები - „ოსური,“ „ნარნარი,“ „განდაგანა,“ „გოგმანი,“ „მთიელ ქალ-ვაჟთა სარტფიალო,“ „ქალთა ხევსურული,“ „შეცილება ყაზბეგური,“ „ილოური“ და „რაჭული.“ ანსამბლს საკუთარი წარმატების ისტორიაც აქვს, იგი მრავალი ფესტივალის პრიზიორი და ექვსგზის  გრან-პრის მფლობელია.

   კონცერტზე, ქორეოგრაფიული ნომრების პარალელურად, იუბილარს საკუთარი შემოქმედებით  ღირსეული თარიღი მიულოცეს ვოკალისტებმა: ლოლიტა კორძაძემ, ნათია გოქაძემ, ხათუნა გაბელაშვილმა, ხატია გოგელაშვილმა და ახალგაზრდა მომღერალმა გიორგი გობეჯიშვილმა. საღამოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე. ესწრებოდნენ. მათ სცენიდან მიულოცეს ბატონ ჯემალს, ისაუბრეს მისი ღვაწლის შესახებ ჩვენი ქალაქის წინაშე და მას ქალბატონ გულჩესთან ერთად, რომელიც ასევე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგ-ქორეოგრაფი, ამაგდარის ორდენოსანი, რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ლაურეატია, კიდევ მრავალი წელი ნაყოფიერი შრომა უსურვეს. გარდა ამისა, ორთავე საპატიო სიგელებით და ფულადი პრემიით დააჯილდოვეს.

  ღონისძიების კულმინაცია ტყიბულის კოლოტირი წყვილის, ჯემალ და გულჩე ბოცვაძეების, მიერ შესრულებული „ოსური“ იყო, რამაც დარბაზში საოცარი ემოცია და განწყობა შექმნა, მაყურებელი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ამ ქართული ცეკვის უბერებელ ოსტატებს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია