30180747_1476841239105725_416010861_n

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. საქართველოს დედაქალაქში რუსთაველის პროსპექტი დასახიჩრებული ცხედრებითა და ორლესული ნიჩბებით ნაწამები ახალგაზრდებით იყო სავსე. თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართული სულის გატეხვას რუსი ჯარისკაცები ბარბაროსული მეთოდებით შეეცადნენ. მშვიდობიანი დემონსტრანტები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მთავრობის სახლის წინ დღე და ღამე შიმშილობაში ატარებდნენ. პატრიოტული სულისკვეთებით სავსე სიმღერებით ერთმანეთს ამხნევებდნენ, მაგრამ რუსული ჩექმის სიმძიმეს ვერ გადაურჩნენ. ოცამდემდე ახალგაზრდის სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირა.

  ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის თავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, ამიტომაც 9 აპრილი ორი მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი თარიღია.

მთელ საქართველოსთან ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტიც ყოველწლიურად პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. თუმცა, წელს ამ თარიღს ტყიბულში გლოვის დღეები დაემთხვა, რის გამოც ღონისძიებები აღარ გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს გარდაცვლილთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. შეკრებილთ სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ:

"ჩვენს ქალაქში 5 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გამო გადადებულ იქნა მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები. მასშტაბურად ვაპირებდით ამ თარიღის აღნიშვნას, მაგრამ ახლა პომპეზურობის დრო არ არის, ამიტომაც მოკრძალებულად  მხოლოდ ყვავილებით შევამკეთ მემორიალი. ეს არ ნიშნავს, რომ მათი დამსახურება ერის წინაშე არ გვახსოვს, რომ დავივიწყეთ მათი ღვაწლი, მათ მიერ დაღვრილი სისხლი. მადლიერები ვართ და მუდამ ვიამაყებთ მათი დამსახურების  გამო ქვეყნის წინაშე.”

ნათია მურუსიძე

30421697_1476839229105926_1856486545_n 30549762_1476842655772250_1405090910_o 30020610_1476840555772460_1994732094_n