21559014_1518142534888774_4791528342447204039_n

ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის, საქველმოქმედო ფონდის, „ლირას,“ ორგანიზებით 2-8 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში იუნესკოს პატრონაჟით გაიმართა რიგით მე-5, საიუბილეო, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Batumi Musik Fest-ი.“    შვიდი დღის განმავლობაში ბათუმს სტუმრობდნენ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, მათ შორის, ჟიურის თავმჯდომარე  იყო ფრანგი მუსიკოსი და კომპოზიტორი მიშელ სონი. იგი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია, რომლის დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების განსავითარებლად არის შექმნილი.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში  მონაწილეობა პირველად მიიღეს ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის სკოლის (დირექტორი ნანა ფორჩხიძე) საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა: მარიამ საკანდელიძემ და კესო ფანჩულიძემ (პედაგოგი ნინო ხაჭაპურიძე).

აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც მოზარდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად ამაღლებს. გამორჩეულებს კი იწვევენ საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებსა და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფესტივალის ფონდის მიერ ფინანსდება.

ტყიბულელმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. I კატეგორიაში მარიამ საკანდელიძემ III პრემია და ფულადი ჯილდო - 200 ლარი დაიმსახურა, ხოლო კესო ფანჩულიძე II კატეგორიაში მონაწილეობდა და ფესტივალის აღმოჩენა გახდა, რომელიც მომავალ წელს, რიგით მე-6 საერთაშორისო ფესტივალზე, მიშელ სონთან გაივლის მასტერკლასს.

21432763_1518142694888758_3584023107271983472_n 21272161_1012764125530178_7965321453293231174_n 21557940_1518142551555439_2682581086835657703_n