ახალი წლის დადგომამდე, ცოტა ხნით ადრე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ტრადიციული სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. 2018 წლის შემობრძანების მოლოდინში ქალაქში მოქმედმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს მაყურებელს. ფიფქიამ და სანტა კლაუსმა დარბაზს ხალისი და მხიარულება შემატეს. ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები ერთმანეთს ენაცვლებოდა. კონცერტის მსვლელობისას მოხდა წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება. ისინი ფულადი პრიზებითა და სიგელებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძისაგან, სცენაზევე დასაჩუქრდნენ.
ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ოკრიბას" ხელმძღვანელები, გულჩე და ჯემალ ბოცვაძეები, ცოტა ხნის წინ, პროფესიულ საქმიანობაში გაწეული მრავალწლიანი მოღვაწეობისათვის, საქართველოს ქორეოგრაფიულმა კავშირმა დააჯილდოვა. საჯაროდ, კი ღონისძიების მსვლელობისას, მათ ეს ჯილდოები მუნიციპალიტეტის მერმა გადაცა.
კონცერტის ბოლოს ტყიბულელები დალოცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა თოვლის ბაბუამაც, ხოლო საახალწლო განწყობის კულმინაცია თეატრის თავზე გაშვებული მრავალფერი ფოიერვერკი იყო.
ნათია მურუსიძე
8 thoughts on “წინასაახალწლო კონცერტი ტყიბულის თეატრში”
კომენტარები გამორთულია