qetevan

ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილები ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანეს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს  დაუბრუნდა. იგი,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, ლოცვა-კურთხევით მოგზაურობს. კახეთის დედოფლის ეს უდიდესი სიწმინდე, ნიკორწმინდის ეპარქიის მოლოცვის შემდეგ, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეპარქიის სასულიერო პირების, მამა იოანესა და მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევითა და   მორწმუნე მრევლის თანხლებით დააბრძანეს.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624 წ.წ),  საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი, 1614 წელს, მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან, ალექსანდრესთან, ერთად. 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბასის ბრძანებით,ის წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა მართლმადიდებლობის შეცვლაზე. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევანის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა.

ხვალ, 16 დეკემბერს,  14 სთ-დან ამ დიდ სიწმინდეს , საწირის  წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ტყიბული - თერჯოლის ეპარქიის მართლმადიდებელ მრევლს, ერთი დღის განმავლობაში, საშუალება ექნება, თაყვანი სცეს, მიეახლოს და ლოცვა-კურთხევის მადლი ითხოვოს დედოფალი-წმინდანისაგან.

 ნანა რაზმაძე