სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენით დაიწყო

უკვე მესამე წელია, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმართება, რომელიც ექვს  სხვადასხვა სახეობაში ჩატარდება.  მათში თანაბრად არიან ჩართულნი  როგორც ვაჟები, ისე გოგონები. ამჯერად, მონაწილეები გეზრბენში ანუ კროსში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. ქალაქის N1, N4, N5, N6 და N7  საჯარო სკოლებთან ერთდ, სოფლების - კურსების, გელათისა და ცუცხვათის 2002- 03 - 04 წლებში დაბადებული მოზარდები,  ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გოგონათა გუნდების წევრები, რომლებიც ექვს სკოლას ჰყავდა წარმოდგენილი, 800 მეტრიან დისტანციაზე გადასცემდნენ ესტაფეტას ერთმანეთს, ვაჟები კი, რვა სხვადასხვა სკოლიდან, - 1000 მეტრის დაფარვის შემდეგ. თითოეული გუნდი, დებულების მიხედვით, სამი ძირითადი და ერთი სათადარიგო სპორტსმენისაგან შედგებოდა, რომელთაც თითო მწვრთნელ-მასწავლებელი ჰყავდათ.

შეჯიბრებას ორგანიზება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სპორტული ცენტრისა და საფეხბურთო სკოლის მხარდაჭერით გაუწია. მუნიციპალურ ეტაპზე გოგონათა შორის გამარჯვებული  - კურსების, ხოლო ვაჟებში   N7  საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ისინი მონაწილეობას უკვე რეგიონულ თამაშებში მიიღებენ.

DSCN2365 DSCN2399 DSCN2382 DSCN2378 DSCN2371

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია