მთავარი

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ

აღნიშნული შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის განყოფილების უფროსი კატო ცანკაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები, ქეთევან ბერაძე და თორნიკე აბაშიძე უძღვებოდნენ.  დამსწრე საზოგადოებას  შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე,  ასევე, მერიის, საკრებულოსა და სხვადასხვა  ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მიაწოდეს ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესებსა და იმ საფრთხეებზე, რაც აღნიშნულის  დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

2017 წლის 28 მარტიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს დაახლოებით 240000-ჯერ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის კუთხით დღეს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაში გასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის.      ევროკავშირის   /შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების 97% არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე და უკან აბრუნებენ სამშობლოში.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მყისიერი საფრთხე არ დგას, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით ეკიდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წუხილს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს შექმნილი ვითარების გაუმჯობესების, რისკების შემდგომი შემცირებისა და პრევენციის მიზნით.  ამავდროულად, კამპანიის ამოცანაა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები არასწორი მოლოდინებისაგან და თავიდან ააცილებინოს ის საფრთხეები/პრობლემები, რაც მათ მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას მოჰყვება. მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების და საქართველოდან თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურის გამარტივებისა და ვადების შემცირების შესახებ, ასევე, ერთობლივი თანამშრომლობა კრიმინალთან ბრძოლაში. იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები  გვარის შეცვლის მექანიზმების გამკაცრების მიზნით და სხვ.

მარი ბაბუხადია

001 004 008 009 011