xresili 260

ოკრიბაში ,,ხრესილობის" დღესასწაული ზეიმად იქცა

ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ხრესილის ომის გამარჯვებიდან 260 - ე წელი იზეიმა.

ამ დღის აღსანიშნავად, ოკრიბაში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომლებსაც სასულიერო და საერო პირთა  დელეგაციები ესწრებოდნენ.

დღესასწაული გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ, მეფე სოლომონ პირველის საფლავზე, სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.

გელათის აკადემიაში, ხრესილის ბრძოლის თემაზე, სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო, სადაც მომხსენებლები 1757 წლის 14 დეკემბრის ბრძოლის სიდიადესა და მის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

ღონისძიებებმა ხრესილის თემში გადაინაცვლა. სტუმრებმა, იმერეთის მხარის გუბერნატორთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, პატივი მიაგეს სახელოვანი გამარჯვებისადმი მიძღვნილ ჯვრის ნიშის მონუმენტს და ყვავილებით შეამკეს იგი.

ტრადიციადქცეული ,,ხრესილობა" იზეიმა ხრესილის საჯარო სკოლამაც, სადაც მოსწავლეთა შემოქმედებითმა კოლექტივებმა საიუბილეო თარიღს მცირე საკონცერტო ნომრები მიუძღვნეს. სკოლის წარჩინებული ორი მოსწავლე და ერთი კურსდამთავრებული ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, სტიპენდიანტები გახდნენ.

ნათია მურუსიძე