215_6463_01.MP4.Still002

მეშახტეთა დღეს მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე, ტრადიციულად, ყოველწლიურად აგვისტოს თვეში აღინიშნება. ძველად ტყიბული გაუვალ, დაბურულ ტყის გულში მდებარე პატარა სოფელი იყო. ცნობილია, რომ აქ ქვანახშირი 1825 წელს აღმოაჩინეს, მისი ექსპლუატაცია კი, 1846 წლიდან დაიწყო. მეშახტის გმირული პროფესია მას შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ, საუკუნენახევრის წინ აღმოჩენილმა წიაღისეულმა მისცა დასაბამი ტყიბულის, როგორც ქალაქის დაარსებას და შემდეგ ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ძლიერ სამრეწველო ქალაქად გადააქცია.

ეს დღე ამჯერად მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალთან მოკრძალებულად აღინიშნა. საგულისხმოა, რომ მემორიალი, ორი წლის, უკან ქვანახშირის მრეწველობის დარგში მოღვაწე და გარდაცვლილ მეშახტეთა ხსოვნის პატივსაცემად და უშუალოდ ამ პროფსიისადმი მოწიწებისა და სიყვარულის ნიშნად, მეშახტეთა ქალაქის სიმბოლოდ, შემოსასვლელში აღმართეს. მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. მას სხადასხვა ადგოლობრივი ორგანიზაციისა და ,,საქნახშირის'' წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულელი მეშახტეები ესწრებოდნენ.

მარი ბაბუხადია