ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო 100-მდე ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნების - ვიტრაჟში, თექასა და ბატიკაში შესრულებული ნამუშევრები. ასევე, ქანდაკება - ბარელიეფების სახით. 14-მა აღსაზრდელმა, ოთხწლიანი სწავლების შედეგად, სხვადასხვა ჟანრში გამოხატული ხედვა და ფანტაზია, ინდივიდუალობა და ნიჭი ექსპოზიციით უჩვენა დამთვალიერებელს. თითოეულ ავტორს საკუთარ მრავალფეროვან ნაშრომებში ზეთსა და ტილოში შესრულებული ნიმუშებიც ჰქონდა გამოფენილი. ყურადღებას იქცევდა ვიტრაჟის დამზადების დახვეწილი ტექნიკა. ასევე, გრაფიკაში ტუშით ხატვისა და გრიზაილის გამოყენება. შედგა ქვიშაზე ხატვის ცოცხალი პროცესიც.
პარალელურად ამ დღეს ფოტოგამოფენის კუთხეც განახლდა. კურსდამთავრებულებმა ზურაბ ჩუბინიძემ და ბექა დიხამინჯიამ ჩვენი ქალაქის არქიტექტურული თუ კულტურული ნაგებობების ფოტოობიექტივით აღბეჭდილი ხედები წარმოადგინეს. სტუმრებმა, რომელთა შორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იყვნენ, 14-ვე მოსწავლეს, სამხატვრო სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, მოწმობები საზეიმო გარემოში გადასცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს მათ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს, ნახატებთან ერთად, ხელოვნების ისტორიაში სადიპლომო ნაშრომი ჰქონდა მომზადებული. როგორც სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მირზა ჭელიშვილმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ცოტა ხნის წინ განახლებული, სამხატვრო გალერეა მორიგ გამოფენას თავის სივრცეში უმასპინძლებს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “კურსდამთავრებულთა ნახატებისა და ფოტოების გამოფენა”
კომენტარები გამორთულია