001

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ორპირი-ცუცხვათის 10.5 კმ-იანი გზა გახსნა

ორპირი-ცუცხვათი-მღვიმის 10,5 კმ.-იანი ახლახანს რეაბილიტირებული გზა ოფიციალურმა პირებმა გახსნეს.     ადგილზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი,  გივი ჭიჭინაძე,  გუბერნიის სხვა წარმომადგენლები, ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გზის გახსნას სტუმართა საპატიო დელეგაციასთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე,  საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ორპირი–ცუცხვათი–მღვიმის მონაკვეთი განლაგებულია იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი. სარეაბილიტაციო გზა იწყება ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან და სრულდება სოფელ ცუცხვათთან. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და ის თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.
არსებული პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია. დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები,  გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა არსებული სახიდე გადასასვლელი.
აღნიშნული მონაკვეთით მივდივართ, ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო 274 გრძივი მეტრის ნაცვლად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით (ე.წ „ბრუშატკა“) და ავტომანქანების სადგომი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ყაზახურმა კომპანია ,,BI Gროუპ-მა"  ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის, ადგილობრივებიც.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, სიტყვით გამოსვლისას, რეაბილიტირებულ გზასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: ,, ორპირი-ცუცხვათი-მღვიმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია  ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. ამით ხალხს მეტი შესაძლებლობები მიეცემა."
ხელისუფლების წარმომადგენლები ორპიპის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხებზე გაესაუბრნენ. მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, მათ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, მათ შორის, ორპირი-სოჩხეთის ბეტონის საფარიანი გზის მოწყობისა და ცხრაჯვარის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ. ასევე, დაანონსდა საწირეში იუსტიციის სახლის მშენებლობა. დეპუტატმა, სოფელ წყნორში მცხოვრებ, ზაუტაშვილების სოციალურად დაუცველ შეჭირვებულ ოჯახს, სადაც მარტოხელა დედა და  არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ, ყოველთვიური შემწეობა, ხოლო ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს, მარიამ კაკაბაძეს, საკუთარი სახელობის სტიპენდია, დაუნიშნა.

 

მარი ბაბუხადია

ნათია მურისიძე

0002 004 003 005