ტყიბულელი ილია სულამანიძე ბუენოს აირესში გამართულ მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოში, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამ სახეობაში შეჯიბრი ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 52 სპორტსმენი ვაჟი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის საქართველოს მხოლოდ ტყიბულელი ფალავანი, ილია სულამანიძე, წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ მან ოთხი შეხვედრიდან სამი - მიჯრით მოიგო. პირველ წრეში სლოვენიელი პოგორევცი „იპონით“ სამ წუთში დაამარცხა, ანალოგიურად გაიმარჯვა არგენტინელ ალექო ბურგოსთან, დამატებით დროში. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი, თურქთა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს, ომერ იადინს, სძლია „ვაზარით“. ფინალურ ორთაბრძოლაში ოქროსათვის ილიას მეტოქეობას ყაზახი ბეკარუს სადოუკასი უწევდა. აზიის მოქმედ ჩემპიონთან ქართველი ძიუდოისტი, დამატებითი დროის მესამე წუთზე, „ვაზარით“ დამარცხდა.
17 წლის ფალავანი, ილია სულამანიძე, (მწვრთნელები: გია ობოლაძე, გრიგოლ სოფრომაძე, შალვა ბიბილაშვილი, ირაკლი მერკვილაძე) ტყიბულის სპორტული ცენტრის აღზრდილია. იგი მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორია.
ილია სულამანიძე:
2012 წელი - 11 წლის ასაკში გახდა საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.
2014 წლიდან არის საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრი.
2016 წელი - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.
2017 წელი - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.
2017 წელი - საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის - მე-3 ადგილი.
2017 წელი - პოლონეთი. ევროპის თასი - მე-3 ადგილი.
2017 წელი - ლიტვა. ევროპის ჩემპიონატი - ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში.
2018 წელი - საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის - მე-2 ადგილი.
2018 წელი - რუსეთი. ევროპის თასი - პირველი ადგილი.
2018 წელი - ჩეხეთი. ევროპის თასი - მე 3 ადგილი.
2018 წელი - რუმინეთი. ევროპის თასი - პირველი ადგილი.
2018 წელი - ბოსნია ჰერცოგოვინა, ევროპის ჩემპიონატი - მე-3 ადგილი.
კომენტარები გამორთულია