47 წლის ველოსიპედისტი, ნოდარ ბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვია. მას, როგორც პროექტის, „ევროგარბენი მშვიდობის გზით,“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, სპორტის სასახლესთან შეკრებილი ჩვენი ქალაქის სპორტსმენები და მათი აღსაზრდელები დახვდნენ. შეხვედრა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა მოაწყო.
ნოდარ ბერიძე, ყოფილი მოჭიდავეა, თუმცა, იგი წლების მანძილზე ცნობილი ველოსიპედისტის, ჯუმბერ ლეჟავას, მენეჯერი და მოსწავლე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2014 წლიდან, საქართელოს პატრიარქის კურთხევით, მეგობრის მიერ წამოწყებულ საქმეს აგრძელებს. მას უმოგზაურია 28 ქვეყანაში, როგორც -38, ისე +40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. საქართველოში იგი თურქეთიდან შემოვიდა, გეგმავს, რომ მოიაროს ყველა რეგიონი და მუნიციპალიტეტი და 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ფინიში თბილისში სპორტული აღლუმით მოაწყოს.
ველომოგზაურმა ახალგაზრდებს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკვე ოცი წელია,რაც თამბაქოს მოხმარებაზე უარი თქვა. ურჩია მათ, რომ ველოსიპედით შემოიარონ მთელი საქართველო და მშვიდობის პროპაგანდა გასწიონ ყველგან.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია