საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. ამ საზეიმო თარიღს, მთელ საქართველოსთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა. 26 მაისს ტყიბულის თეატრის სცენაზე დღესასწაულის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა მსახიობს, სანდრო ბუცხრიკიძეს, მიჰყავდა. მასში ქალაქში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას მთავარ ფონად გასდევდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიიდან მცირე ფრაგმენტები, რომლის ამსახველი ფოტო თუ ვიდეოკადრები სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გადიოდა. ქორეოგრაფიული ნომრები წარმოდგენილი ჰქონდათ ანსამბლებს: ,,ცხრაჯვარს’’, ,,ბიჭებს’’, ,,დავითიანს’’, ,,ოკრიბას’’, ,,სიჭაბუკეს’’ და ,,მანდილს’’. პროგრამის ვოკალურ ნაწილში მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის გუნდი, ვაჟთა ანსამბლი, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები, ნათია გოქაძე და ხათუნა გაბელაშვილი, მონაწილეობდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიესალმა მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე. ,,ჩვენ შევეცადეთ, საერთო სახალხო ხმას ჩვენი მოკრძალებული ხმით შევერთებოდით’’, აღნიშნა მან და სრულიად საქართველოს და, განსაკუთრებით, ტყიბულელებს 26 მაისის დღესასწაული მიულოცა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა. ,,ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ხვალინდელი დღე არის ეს თაობა და ბედნიერებაა, რომ ქვეყანას ასეთი მოაზროვნე ახალგაზრდები ჰყავს’’, - ამ სიტყვებით მიმართა მან ყველაზე საუკეთესო ნაშრომების ავტორებს და სიგელებთან ერთად, ფულადი პრიზები გადასცა. I ადგილი N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლამუნა მიქაბერიძემ, დაიკავა, რომელმაც 100 ლარი მიიღო. II ადგილი პირველსკოლელმა, ანა კუბლაშვილმა და მეხუთესკოლელმა, ქრისტინე მიქიაშვილმა გაიყვეს, III ადგილი კი ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეს - ლილე ლანჩავასა და გელათის საჯარო სკოლელ ანა მეგენეიშვილს ხვდათ წილად.
წამყვანმა აუდიტორიას ჩვენი სახელოვანი წინაპრის, 1919 წ. დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, სოჩხეთელი, შესახებაც უამბო, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. იგი 1965 წელს ემიგრაციაში ყოფნისას საფრანგეთში, ლევილში, გარდაიცვალა.
26 მაისის ღონისძიება ეროვნული დროშების ფონზე თეატრის მსახიობების ინსცენირებული კომპოზიციით დასრულდა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია