„გამოიდარებს სიყვარულისთვის...“

„... თუ რამე შემიძლია, არავის არ დავზარდები სიხარულის მინიჭებას, თუნდაც მოკრძალებული ლექსის სტრიქონებით. ეს წიგნი, დიდი ხნის მანძილზე იქმნებოდა... ბოლო ლექსი გამომცემლობაში ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა და ასე მგონია, იგი ბოლო ამოსუნთქვამდე გაგრძელდება...“ _ ვკითხულობთ ვეფხია სამსონიძის მკითხველისადმი მიმართვაში, რომელიც მის პირველ პოეტურ კრებულს, სახელწოდებით - „გამოიდარებს სიყვარულისთვის,“  წაუმძღვარა.

„სტრიქონთა მორევში ტრიალი“ მან ბავშვობიდან, მე-8 კლასიდან, დაიწყო. 1983 წელს მისმა ნაკალმარმა - „ტაძარი,“ დღის სინათლე ჟურნალ „პიონერში“ იხილა. შემდეგ ადგილობრივ პრესაში, „ტყიბულსა“ და „ოკრიბაში,“ იბეჭდებოდა. მისი ლექსები რამდენიმე კრებულშიც მოხვდა, თუმცა, საკუთარი - საავტორო წიგნი, მხოლოდ ახლა, 50 წლის ასაკში, გამოსცა, რომელსაც სპონსორობა აუდიტორული ფირმა „FMG-ის“ დირექტორმა, გელა ჩადუნელმა, გაუწია. მასში 100 ლექსი და სამი ჩანახატი შევიდა. იგი ავტორმა გარდაცვლილი ძმის (გიორგის) ხსოვნას მიუძღვნა.

ვეფხია სამსონიძე საკუთარ ფესვებზე, ტყიბულსა და ტყიბულელებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. თუმცა, იგი დაახლოებით 20 წლის წინ, მძიმე სოციალური ფონის გამო, მშობლიური ქალაქიდან წავიდა, თბილისში დამკვიდრდა და მას შემდეგ ფინანსური და ბიზნეს ისტორიების შესახებ, აუდიტორულ ფირმაში, მიმოხილვით სტატიებს აკეთებს. მართალია, პოეზიასთან გარკვეული შემოქმედებით წყვეტა ჰქონდა, მაგრამ გასულ წელს ისევ „აშრიალდნენ“ მუზები შინ, ქუჩაში თუ სახლისკენ მიმავალ გზებზე. „რითმების შემოტევამ“ თავისი გაიტანა და მასაც, დავიწყების უნებლიე შიშით, სწრაფად გადაჰქონდა ფურცლებზე თითოეული სტრიქონი. ჯერ ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელში ტვირთავდა, ბოლოს კი, ერთ, 124 გვერდიან, კრებულად შეკრა და მკითხველამდე მოიტანა.

ვეფხია სამსონიძეს ტყიბულთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. იგი, როგორც დიდი ენთუზიასტი ტყიბულის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის შექმნაზე ოცნებობს, რომელიც შემოწირულობით, არასაბიუჯეტო ხარჯით უნდა, რომ გაკეთდეს. თუმცა, მანამდე დროს არ ჰკარგავს, საარქივო ფოტო-ვიდეო მასალებს კარდაკარ ეძებს, ამუშავებს და ციფრული ფორმატის ინტერნეტ-ვერსიებს ჰქმნის,  ეს უნივერსალური ვიდეო-ენციკლოპედია უამრავი უძილო ღამისა და შრომის ნაყოფია, რომელიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით იქმნება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი ულოცავს ჩვენს კოლეგას ამ დიდ წარმატებას და  მომავალში ტომებად შეკრული კრებულების გამოცემას უსურვებს მას.

vefxxxxx

 

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.