56466373_2170411629936584_7892792225115930624_o

სპორტის საერთაშორისო დღე ტყიბულშიც აღინიშნა

  სპორტის საერთაშორისო დღეს, რომელსაც მთელი მსოფლიო 2014 წლიდან აღნიშნავს, საქართველოსთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სპორტის სასახლეში ამ თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობა ჩატარდა. „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ - ასეთია წლევანდელი ღონისძიებების დევიზი, რომელსაც ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა, ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრთან“, ერთად გაუწია.
ამ კამპანიაში 70-მდე სპორტული ცენტრის აღსაზრდელი ჩაერთო და N1 საჯარო სკოლიდან სპორტის სასახლემდე კროსში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მოეწყო მოძრავი თამაშები და ბაგირის გადაძალვა, დიდი და პატარა ასაკის მოზარდთა გუნდებს შორის. ბოლოს კი ახალგაზრდები ერთმანეთს კალათბურთში დაუპირისპირდნენ, სადაც ვაჟებთან ერთად გოგონებიც ასპარეზობდნენ.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა „თეთრი ბარათებით“ სამაზსოვრო სურათები გადაიღეს, ეს აქცია სპორტის საერთაშორისო დღის სიმბოლოა, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებასთან ასოცირდება და სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებას ემსახურება. 


ნათია მურუსიძე