215_5615_01.MP4.Still001

საქართველოს ჩემპიონატს „კუნგ-ფუ-ში“ ტყიბულმა უმასპინძლა

  პირველად ტყიბულში, სპორტის სასახლეში, ორთაბრძლოლა ,,კუნგ-ფუში,“ საქართველოს ღია ჩემპიონატი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასზე გაიმართა. შეჯიბრში ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტის 12 კლუბი, სულ 110 მოასპარეზე, როგორც გოგონები, ისე - ვაჟები. ტურნირი მიმდინარეობდა ,,კუნგ-ფუს“ სამ სახეობაში: „ფაიტინგი“, „და დზენი“ და „ტუი შოუ“.

    მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მონაწილეებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს მათ. სერტიფიკატებით დასაჩუქრდა ყველა მონაწილე კლუბის წლის საუკეთესო სპორტსმენები და ფედერაციის 2019 წლის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, ტყიბულის ,,კუნგ-ფუს სკოლის“ ინსტრუქტორი, ლაშა ცქიფურიშვილი. თასები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ასევე, წარმატებულ მწვრთნელებს. საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპორტული საჩვენებელი ნომრები, რომელიც ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,დავითიანმა“ ცეკვა ,,კავკასიურით“ დაასრულა.

   ფინალური შეხვედრების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. აღსანიშნავია, რომ ტყიბულელმა სპორტსმენებმა შეჯიბრში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს. ,,ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის“ აღსაზრდელებმა 14 - I, 7 - II და 2 – III ადგილი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში 12 კლუბს შორის I ადგილი მოიპოვეს. ტყიბულის კარატე „კუდოს“ სპორტულმა სკოლამ 2 – I, 2 – II და 1 – III ადგილი მიიღო. გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრებისათვის ტყიბულელი სპორტსმენები მოამზადეს მწვრთნელებმა: ლაშა ცქიფურიშვილმა, ოლეგ ფანჩულიძემ, ლევან კუბლაშვილმა.

  ღონისძიებას ორგანიზება „საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნულმა ფედერაციამ,“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა და ,,ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლამ,“ გაუწია. ჩემპიონატისათვის სათანადო პირობების შექმნა კი სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.

მარი ბაბუხადია