1133

სოციალურად შეჭირვებულებს დეპუტატისაგან მედიკამენტები გადაეცათ

  ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივით ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ესწრებოდნენ. ელგუჯა გოცირიძემ მათ შეხვედრის მთავარი მოტივი გააცნო. მისი პირადი დანაზოგით სხვადასხვა ტიპის ქველმოქმედებისათვის დახარჯული ნახევარი მილიონი ლარით, 2016 წლიდან დღემდე, არაერთ ოჯახს გაეწია დახმარება. განსაკუთრებული აქცენტი მაჟორიტარმა მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული თანხების მნიშვნელობაზე გააკეთა. ბოლო კი, დარბაზში მსხდომთ ინფორმაცია მიაწოდა მედიკამენტების აქციასთან დაკავშირებით, რომელიც სპეციალურად ამ ადამიანებისათვის დაიგეგმა.

  სოციალურად შეჭირვებულმა 40-მდე ბენეფიციარმა დეპუტატისაგან საჩუქრად  სპეციალური ვაუჩერი მიიღო, რომლის გამოყენება ტყიბულის „ავერსის“ აფთიაქში იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ამ „სამიზნე ჯგუფში“ მონაწილეთა შერჩევა იმის მიხედვით მოხდა, ვინც გარკვეული დროის მონაკვეთში მაჟორიტარის ბიუროს მედიკამენტებით დახმარების თხოვნით მიმართა. მათ საჭიროებებზე მორგებული წამლების ჩამონათვალი ბენეფიციარებმა დაუყოვნებლივ, შეხვედრის დამთავრებისთანავე, მიიღეს აფთიაქში.

  ეს უკვე რიგით მესამე საქველმოქმედო აქციაა, რომელიც ელგუჯა გოცირიძის ფინანსური მხარდაჭერით, მედიკამენტების სახით, განხორციელდა ტყიბულელთათვის. გასული 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სერვისით 100-მდე ადამიანმა ისარგებლა.

ნათია მურუსიძე