215_4051_01.MP4.Still001

40 ათასი ევრო ტყიბულის განვითარებისათვის დაიხარჯება

  „ადგილობრივი თანამშრომლობა იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისათვის“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საინფორმაციო ხასიათის ფორმატში შეხვდნენ. იგი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულია, რომლის ბიუჯეტიც 355 ათას ევროს შეადგენს, იმერეთის მხარის სამ პოსტინდუსტრიულ ქალაქში - ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში განვითარების გეგმის შემუშავებასა და დასაქმების ალტერნატიული წყაროების შექმნას გულისხმობს. აღნიშნულ ქალაქებთან ერთად კიდევ ორი პარტნიორის, - პოზნანის მეტროპოლიის ასოციაციისა (პოლონეთი) და მდგრადი განვითარების ორგანიზაციის (საქართველო), წარმომადგენელებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, გუშინ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გაფორმდა. ტყიბულში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, სწორედ, პოლონური მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს პროექტის ძირითადი მიმართულებები გააცვნეს, რომლის ხანგრძლივობაც ჯამში 27-თვიან პერიოდს მოიცავს და კონკრეტულად ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი საგრანტო თანხის ოდენობა 40 ათას ევროს შეადგენს.

  პროექტი საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობას, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, განვითარების გეგმის მომზადებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა გადამზადებისა და პოლონური გამოცდილების გაზიარების გზით, ეკონომიკური გამოცოცხლებისა და სტაბილურობის განვითარებას ითვალისწინებს.

  საინფორმაციო შეხვედრისას მუნიცპალიტეტის მერმა სტუმრებს ჩვენი ქალაქის შესახებ მოკლე ისტორია გააცნო და, გარდა ამისა, დღეს არსებულ რეალობაზეც ესაურა. მათ შორის, იმ პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ტყიბულს ვიზიტორთათვის საინტერესო ტურისტულ ადგილად აქცევს. შეხვედრის დასასრულს მან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტნიორებს ის ობიექტები დაათვალიერებინა, რომლებიც ეკონომიკურ აქტივობას უქმნიან ქალაქს და ასევე, მის კულტურულ და სპორტულ განვითარებას უკავშირდება.

ნათია მურუსიძე