ჭყეპში უძველესი ტაძარი აღდგა

სოფელ ჭყეპში ტყიბული-თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე), „მაღალოურის“ ახლადაღდგენილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა.

საზეიმო მსახურებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრევლი და რამდენიმე სასულიერო პირიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია უძველესი სალოცავის კედლის ნარჩენებზე აშენდა, რომელიც, სავარაუდოდ, VIII-X საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნებოდა. 2013 წლიდან დაწყებული, 7 წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მისი აღდგენის პროცესი, რაც მთლიანად შემოწირულობების ხარჯზე მოხდა. განსაკუთრებული წვლილი ბაკურაძეების უბანს მიუძღვის, რომელთა გვარის სალოცავად მოიხსენიებოდა იგი წლების განმავლობაში. თუმცა, როგორც ფინანასური, ისე ფიზიკური თანამონაწილეობა ამ საღვთო საქმეში არაერთმა ადამიანმა მიიღო. მისი უშუალოდ აღმშენებელი კი - ადგილობრივი მცხოვრები, ავთანდილ ჭიქაბერიძეა. ახლადაღდგენილი ტაძრის მღვდელთმსახური, მამა ნიკოლოზი (ქათამაძე), საინტერესო ამბავს გვიამბობს: ნატაძრალის ეზოში, სხვა მცირე ზომის მცენარეებთან ერთად, ხურმის ხე ყოფილა აღმოცენებული, რომლის ტოტების განლაგებაც ჯვრის ფორმას გამოსახავდა. ეს კიდევ ერთი დიდი სტიმული იყო ადგილობრივთათვის, რომ ისტორიულ სალოცავს ახალი სიცოცხლე შეეძინა. ისიც საოცარი ფაქტია, რომ არდგენის ერთ-ერთ ინიციატორს, ბაკურაძეების უბნის მცხოვრებს, იზოლდა ბაკურაძეს, ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონია და თურმე მას შემდეგ ოცნებად ექცა სალოცავის გაცოცხლება. ამ საქმეში დიდი ღვაწლი ამჟამად უკვე ტაძრის წინამძღვარს, მამა ნიკოლოზს, მიუძღვის, რომლის ძალისხმევითაც მოხდა ნაგებობის პროექტის შედგენა და მშენებლობის დაწყება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭყეპის მოსახლეობა 100-მდე კომლს შეადგენს. იგი ქვემო და ზემო დასახლებებად იყოფა, სადაც ზამთრის სეზონზე, ადგილზე მხოლოდ 20-22 ოჯახი რჩება, რომელთაც ამიერიდან უკვე სამი სალოცავი - ორი წმინდა გიორგის და ერთი მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი ემსახურება. ქვედა ჭყეპის დასახლებას, სადაც უკვე ახლადაღდგენილი ეკლესიაა, ძველად „სხმარტალა“ ჰრქმევია. რამდენიმე საუკუნის წინ სოფელს შავი ჭირი მოსდებია, რომლის დროსაც აქ მცხოვრები გვარები მთლიანად გადაშენებულა. ჭყეპის „მაღალოურის“ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ამიერიდან მოქმედია და აქ წირვა-ლოცვა მამა ნიკოლოზის მიერ აღევლინება, რომელიც მის გარდა ოკრიბის კიდევ შვიდი სოფლის ტაძარში ატარებს ღვთისმსახურებას და ადგილობრივებამდე ღვთის სიტყვა განსაკუთრებული სიყვარულით მიაქვს.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.