კორონავირუსის მეოთხე ტალღა, რომელიც საქართველოში მძიმე ლეტალური შედეგებით გამოირჩევა, ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც დაავადების მაღალი სტატისტიკით იჩენს თავს. მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმაციით თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში 115 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ამჟამად 531 ფაქტია უკვე აღრიცხული. გასული წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ვირუსით პირველი ინფიცირების შემთხვევები იქნა ჩვენთან დადასტურებული, ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა (ყველაზე დიდი ციფრი 2020 წლის ნოემბერში გამოიკვეთა - 492).
ეპიდვითარების აფეთქება ტყიბულში სარიტუალო ღონისძიებებს უკავშირდება, განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. "ძიროვნის ქორწილის" კლასტერი, რომლის მეორეული და მესამეული გადაცემის შემთხვევები, ჯერ კიდევ თავს იჩენს. დაავადების შემთხვევათა წილი ბოლო 2-3 კვირის შეჯამებით პროცენტულად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთია: ტყიბული - 59,77%, მუხურა - 7,59%, ძიროვანი - 5,8%, ცუცხვათი- 4,08%, ბზიაური- 2,92% და გელათი - 2,62%.
რაც შეეხება საერთო სურათს, სულ დადასტურებულია 2553 ფაქტი, გამოჯანმრთელებულია - 2107, ხოლო თვითიზოლაციაშია 274 პირი. გარდაცვლილია 36 ადამიანი.
ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკა დამაიმედებელია, რადგან ნელ-ნელა კლების ტენდენციისაკენ მიდის, მაგალითისათვის: 24 აგვისტო - 38 შემთხვევა, 25 აგვისტო - 23, 26 აგვისტო კი, 19 დადასტურება.
რაც შეეხება იმუნიზაციას მუნიციპალიტეტში, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მადონა ქასრაძე, აცხადებს, ინტერესი ვაქცინაციისადმი ყოველდღიურად იზრდება. უშუალოდ ქალაქში მუშაობს სამი ამცრელი კაბინეტი, აქედან ორი - ტყიბულის "ევექსის" კლინიკაში, მესამე კი "იმერმედის" ტყიბულის საექიმო საკონსულტაციო ცენტრში. ვაქცინაცია შესაძლებელია, როგორც პორტალზე წინასწარი რეგისტრაციით, ასევე, ცოცხალი რიგითაც. აცრების პროცესი დაიწყო ცალკეულ სოფლებში, კერძოდ, საწირეში, მუხურაში, ხრესილში, ორპირსა და კურსებში, რაც ეტაპობრივედ გაფართოვდება და ცოტა ხანში სხვა სოფლებსაც მოიცავს.
ამჟამად იმუნიზაცია მიმდინარეობს სინოვაკის, სინოფარმისა და ფაიზერის ვაქცინებით.
ეპიდვითარების სტაბილიზაციისათვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რაც ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად რჩება.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია