8marti

ქალი და გაზაფხული

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით დედისა და ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად კაფე-საღამო გაიმართა, სახელწოდებით - „ქალი და გაზაფხული,“ რომელსაც ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, კულტურისა და განათლების განყოფილებამ გაუკეთა. ღონისძიებას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღანელები და სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს მხატვრულმა ხელმძღვანელმა, მაია ბრეგაძემ, პროგრამის მსვლელობისას საპატიო სტუმრები, მრავალშვილიანი დედები, წარუდგინა საზოგადოებას და ამის შემდეგ, მან დეპუტატის მოულოდნელი სიურპრიზის შესახებაც გააკეთა ინფორმაცია. მაჟორიტარმა სამი მრავალშვილიანი ქალბატონი ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა. ოთხი შვილის დედას - ეკატერინე გიორგაძეს - 400 ლარი, ხუთშვილიან მარიამ ცხოვრებაშვილს -500, ხოლო ექვსი შვილის დედას, ლელა კახიძეს - 600 ლარი ელგუჯა გოცირიძის პირადი დანაზოგიდან გადაეცათ.

  ღონისძიებაში მონაწილეობა ქალაქში მოქმედმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს. გარდა ამისა, საკონცერტი პროგრამაში საღამოს სტუმრები იმპროვიზირებული ნომრებითაც ჩაერთვნენ.

ნათია მურუსიძე