3333++

ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს, იუბილე მიულოცეს

  რესპუბლიკის დამსახურებულ მასწავლებელს, კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს, დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდა. ქალაქის კოლორიტს ეს ღირსეული ასაკი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და მერის მოადგილემ, სოფიო ბოჭორიშვილმა, ოჯახში სტუმრობით, პირადად მიულოცეს. მას საპატიო სიგელი და ფულადი პრემია, 500 ლარის ოდენობით, გადასცეს. ამასთან, მადლობა გადაუხადეს იმ ამაგისათვის, რაც მრავალი თაობის მიმართ ათეული წლების განმავლობაში აქვს გაწეული.

  ნოდარ ვახტანგაძე 1962 წლიდან, 50 წელზე მეტი, ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და იმავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თვითნასწავლმა კომპოზოტორმა მშობლიურ ქალაქსა და მეშახტეთა შრომას არაერთი სიმღერა მიუძღვნა, რომელსაც დღემდე მღერიან თაობები. ტყიბულზე უსაზღვროდ შეყვარებული ამაყობს იმ ხანგრძლივი და შინაარსიანი გზით, რითაც აქამდე მოვიდა იგი.  მას ახარებს ყველა მცირე წარმატება, რაც ჩვენი ქალაქის წინსვლას უკავშირდება. განსაკუთრებით მოსწავლეთა სასახლის მაჯისაცემით ინტერესდება. როგორც მისი კოლეგები აღნიშნავენ, ბატონი ნოდარი, სასახლის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და თითოეული წვრილმანით ბავშვივით ხარობს.

  სწორედ, მისი ღვაწლის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს, ბატონ ნოდარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, პირველი სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

ნათია მურუსიძე